ვის შეუძლია სუროგაცია საქართველოში: წყვილის, სამედიცინო და სხვა მოთხოვნები

საქართველოში სუროგაციით სარგებლობა შეუძლია ქალისა და მამაკაცისგან შემდგარ წყვილს, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისთვის სულ მცირე ერთი წელია დაქორწინებულია ან სულ მცირე ბოლო ერთი წელია ფაქტობრივ თანაცხოვრებაშია (იუსტიციის მინისტრის №18 ბრძანების მე-19 მუხლის 1¹ პუნქტი). კანონი სუროგაციას სამედიცინო საფუძველს უკავშირებს („ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის 143-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი) და ითხოვს წყვილის წერილობით თანხმობას. მოქალაქეობის მიხედვით კანონი არ განასხვავებს, ამიტომ ეს მოთხოვნები უცხოელებზეც იმავე ფორმით ვრცელდება. მარტოხელა პირი და ერთსქესიანი წყვილი საქართველოში სუროგაციის ხელშეკრულების მხარე ვერ იქნება.

ეს სტატია მხოლოდ იმას ეხება, ვის შეუძლია სუროგაცია. ხელშეკრულება, მშობლობა და კანონმდებლობის ზოგადი ჩარჩო განხილულია ჩვენს გზამკვლევში „სუროგაცია და ხელოვნური განაყოფიერება საქართველოში“.

მოკლედ:

  • წყვილი მხოლოდ ქალი და მამაკაცია (№18 ბრძანების მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი და მე-19 მუხლის 1¹ პუნქტი).
  • საჭიროა ან ქორწინება, რომლიდანაც ერთი წელი მაინც გავიდა, ან ბოლო ერთი წლის ფაქტობრივი თანაცხოვრება.
  • თანაცხოვრება ნოტარიუსის წინაშე დოკუმენტებით დასტურდება (№18 ბრძანების მე-19 მუხლის 1² პუნქტი, №71 ბრძანების 54¹ მუხლის მე-4 პუნქტი).
  • კანონი სამედიცინო საფუძვლად საშვილოსნოს არქონას ასახელებს (143-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი).
  • წყვილის გენეტიკური კავშირი ბავშვთან სავალდებულო არ არის (№18 ბრძანების მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი).
  • საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ერთსქესიან ქორწინებას საქართველოში იურიდიული ძალა არ აქვს („ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლი).
  • საქართველოში დასაშვებობა არ ნიშნავს, რომ სუროგაცია წყვილის საცხოვრებელ ქვეყანაშიც კანონიერია.

 

ვინ ითვლება „წყვილად“ სუროგაციის მიზნებისთვის?

 

№18 ბრძანების მე-19 მუხლის 1¹ პუნქტის თანახმად, სუროგაციის ხელშეკრულების მხარე შეიძლება იყოს ქალისა და მამაკაცისგან შემდგარი წყვილი, რომლის მიზანია ექსტრაკორპორული განაყოფიერებით დაბადებული ბავშვის აღზრდა, თუ:

  • ა) ისინი ქორწინებაში იმყოფებიან და ქორწინებიდან სულ მცირე ერთი წელია გასული; ან
  • ბ) ისინი ფაქტობრივ თანაცხოვრებაში იმყოფებიან სულ მცირე უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში.

ეს ორი საფუძველი ალტერნატიულია და ერთ-ერთის არსებობა საკმარისია. იმავე ბრძანების მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი წყვილს ასევე ქალისა და მამაკაცის სახით განმარტავს.

ნორმის მიზანი, „ბავშვის აღზრდა“, მნიშვნელოვანია. წყვილი ხელშეკრულებას საკუთარი ოჯახისთვის დებს და არა სხვისთვის. ხელშეკრულება, რომლის რეალური მიზანი ბავშვის მესამე პირისთვის გადაცემაა, ამ ნორმის ფარგლებს სცდება.

 

როდის აითვლება ერთი წელი?

 

ერთწლიანი ვადა ხელშეკრულების დადების მომენტისთვის უნდა იყოს შესრულებული, რადგან 1¹ პუნქტი სწორედ ხელშეკრულების მხარეს ახასიათებს. ზოგადი წესით, ხელშეკრულება ემბრიონის შექმნამდე იდება (მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი). ანუ კრიტერიუმი ემბრიონის შექმნამდე უნდა სრულდებოდეს და არა ბავშვის დაბადებისას.

ქორწინება. ვადა ქორწინების რეგისტრაციიდან აითვლება. თუ წყვილი ერთ წელზე ნაკლებია დაქორწინებული, „ა“ ქვეპუნქტი არ სრულდება.

ქორწინება და თანაცხოვრება ერთად. ნორმის ტექსტიდან გამომდინარე, „ბ“ ქვეპუნქტი ქორწინებას არ გამორიცხავს. წყვილი, რომელიც ერთ წელზე ნაკლებია დაქორწინებული, მაგრამ მანამდეც ერთად ცხოვრობდა, შეიძლება „ბ“ ქვეპუნქტს აკმაყოფილებდეს. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი თანაცხოვრების დოკუმენტური დადასტურებაა და არა ქორწინების მოწმობა. თუმცა შესაძლებელია საწინააღმდეგო განმარტებაც: რომ დაქორწინებულ წყვილზე სპეციალურად „ა“ ქვეპუნქტი ვრცელდება, „ფაქტობრივი თანაცხოვრება“ კი მხოლოდ დაურეგისტრირებელ კავშირს გულისხმობს. ამიტომ ნოტარიუსის მიდგომა წინასწარ გარანტირებული არ არის და საკითხი ფაქტების მიხედვით ფასდება.

გაყინული ემბრიონი. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი გამონაკლისს ადგენს. თუ ემბრიონი კრიოპრეზერვირებულია და შექმნიდან იმპლანტაციამდე 10 წელზე მეტი არ გადის, ხელშეკრულება იმპლანტაციამდე იდება. ამიტომ ასეთ შემთხვევაში კრიტერიუმი, როგორც ჩანს, იმპლანტაციამდე დადებული ხელშეკრულების მომენტისთვის მოწმდება. თუმცა ამავე პუნქტით აუცილებელია გაყინვამდე შედგენილი ცნობაც, სადაც მითითებულია წყვილი, რომელიც ბავშვის მშობლებად ჩაიწერება. ამიტომ ემბრიონის შექმნისას არსებული ვითარება აქაც მნიშვნელოვანია.

ვრცლად: გაყინული ემბრიონები და მათი სამართლებრივი რეჟიმი

 

როგორ დასტურდება ერთწლიანი თანაცხოვრება?

 

ქორწინება ქორწინების მოწმობით დასტურდება. თანაცხოვრების დადასტურება რთულია, რადგან ის ფაქტია და არა სამართლებრივი აქტი. №18 ბრძანების მე-19 მუხლის 1² პუნქტისა და №71 ბრძანების 54¹ მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თანაცხოვრება ნოტარიუსის წინაშე დოკუმენტებით უნდა დადასტურდეს. ნორმა მაგალითებად ასახელებს საინფორმაციო-სამისამართო ბარათს, საჯარო რეესტრის ამონაწერს საერთო ქონებაზე, რელიგიური ქორწინების საბუთს ან „სხვა ნებისმიერ საჯარო დოკუმენტს“.

ეს ჩამონათვალი ქართულ რეალობაზეა მორგებული. უცხოელ წყვილს ქართული მისამართის ბარათი ან საჯარო რეესტრის ამონაწერი, როგორც წესი, არ აქვს. რომელი უცხოური დოკუმენტი ჩაითვლება საკმარის „საჯარო დოკუმენტად“, რა ფორმით უნდა იყოს დამოწმებული და ფარავს თუ არა ის მთელ ერთწლიან პერიოდს, თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად ფასდება.

თუ თანაცხოვრება საკმარისად არ დასტურდება, ნოტარიუსმა შესაძლოა ხელშეკრულების დამოწმებაზე უარი თქვას. ხელშეკრულება კი სუროგაციის მთელი პროცესის საფუძველია, მის გარეშე ბავშვი მშობლების მითითებით ვერ დარეგისტრირდება (№18 ბრძანების მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-6 პუნქტი).

 

რა სამედიცინო საფუძველია საჭირო?

 

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის 143-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ექსტრაკორპორულ განაყოფიერებას სუროგატი დედის მეშვეობით უშვებს, „თუ ქალს არა აქვს საშვილოსნო“. იმავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ზოგადად ექსტრაკორპორულ განაყოფიერებას უშვებს უშვილობის მკურნალობის მიზნით ან ცოლის ან ქმრის მხრიდან გენეტიკური დაავადების გადაცემის რისკისას. ორივე შემთხვევაში წყვილის წერილობითი თანხმობა აუცილებელია.

ნორმის ტექსტი სუროგაციისთვის მხოლოდ ერთ ჩვენებას ასახელებს. პრაქტიკაში სუროგაციის საჭიროება სხვა მიზეზითაც შეიძლება წარმოიშვას, მაგალითად, როცა საშვილოსნო არსებობს, მაგრამ ორსულობა სამედიცინოდ შეუძლებელი ან საშიშია. კანონი ასეთ შემთხვევებს პირდაპირ არ ახსენებს. ამიტომ სამედიცინო საფუძვლის დოკუმენტური ასახვა და მისი შესაბამისობა ნორმასთან წინასწარ უნდა შეფასდეს. ეს მხოლოდ კლინიკის საკითხი არ არის, სამედიცინო დოკუმენტაცია მოგვიანებით შეიძლება დავის ან შემოწმების საგანიც გახდეს.

 

სავალდებულოა თუ არა ბავშვთან გენეტიკური კავშირი?

 

საქართველოს კანონმდებლობით არა. №18 ბრძანების მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი სამ შემთხვევას ითვალისწინებს. მშობლებად ჩაიწერებიან:

  • გენეტიკური მშობლები;
  • გენეტიკური მშობელი და ხელშეკრულებით განსაზღვრული მეორე პირი, თუ ერთი სასქესო უჯრედი დონორისაა;
  • წყვილი, თუ ორივე სასქესო უჯრედი დონორისაა („გ“ ქვეპუნქტი).

ეს ქართული სამართლის დონეზე სწორია. თუმცა გენეტიკური კავშირის არარსებობამ წყვილის ქვეყანაში შეიძლება სერიოზული პრობლემა შექმნას. ზოგიერთი ქვეყანა ბავშვზე მოქალაქეობის გადაცემას ან მშობლობის აღიარებას გენეტიკურ კავშირს უკავშირებს, ზოგიერთი საელჩო კი დნმ-ტესტს ითხოვს. ეს საკითხი პროგრამის დაწყებამდე წყვილის ქვეყნის სამართლის მიხედვით უნდა შეფასდეს.

ვრცლად: მშობლობის რეგისტრაცია სუროგაციის შემდეგ

 

შეუძლიათ თუ არა სუროგაცია მარტოხელა პირს ან ერთსქესიან წყვილს?

 

არა. №18 ბრძანების მე-19 მუხლის 1¹ პუნქტი და მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ხელშეკრულების მხარედ მხოლოდ ქალისა და მამაკაცისგან შემდგარ წყვილს უშვებს.

მარტოხელა პირი. არც მარტოხელა ქალს და არც მარტოხელა მამაკაცს არ შეუძლია სუროგაციის ხელშეკრულების დადება, მიუხედავად მოქალაქეობისა და სამედიცინო ჩვენებისა.

ერთსქესიანი წყვილი. ერთსქესიანი წყვილი ვერ დააკმაყოფილებს წყვილის განმარტებას. საზღვარგარეთ რეგისტრირებული ქორწინება ამას ვერ ცვლის. „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის პირთა კავშირს, რომელიც საზღვარგარეთ ქორწინებადაა რეგისტრირებული ან აღიარებული, საქართველოში იურიდიული ძალა არ აქვს. ქორწინებას როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირს საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლიც განმარტავს.

ზოგიერთი უცხოური საიტი ამტკიცებს, რომ „ჯორჯიაში“ სუროგაცია მარტოხელა პირებისა და LGBTQ+ წყვილებისთვისაც ხელმისაწვდომია. ასეთი ინფორმაცია, როგორც წესი, აშშ-ის შტატ ჯორჯიას ეხება და არა საქართველოს. ძებნისას ეს ორი ხშირად ერთმანეთში ერევათ.

 

შეუძლიათ თუ არა უცხოელებს სუროგაცია საქართველოში?

 

დიახ, იმავე პირობებით, რაც საქართველოს მოქალაქეებს. არც „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონი და არც №18 ბრძანება სუროგაციის ხელმისაწვდომობას მოქალაქეობას არ უკავშირებს.

აკრძალვის კანონპროექტი. 2023 წლის 14 ივნისს მთავრობამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ (№07-2/299/10). ის სუროგაციას მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის და მხოლოდ ალტრუისტულ საფუძველზე დაუშვებდა. კანონპროექტი მიღებული არ არის და მოქმედი რეჟიმი უცვლელია. თუმცა პოლიტიკური განუსაზღვრელობა რჩება. თუ ეს ან მსგავსი პროექტი მიიღება, გარდამავალი დებულებები განსაზღვრავს, რა ბედი ეწევა უკვე დაწყებულ პროგრამებს და შექმნილ ემბრიონებს.

წყვილის საცხოვრებელი ქვეყნის კანონმდებლობა. საქართველოში დასაშვებობა არ ნიშნავს, რომ სუროგაცია წყვილის ქვეყანაშიც კანონიერია. მაგალითად, იტალიის 2024 წლის 4 ნოემბრის №169 კანონმა, რომელიც 2024 წლის 3 დეკემბერს ამოქმედდა, სუროგაცია დანაშაულად აქცია იტალიის მოქალაქისთვის მაშინაც, როცა ის საზღვარგარეთ, სუროგაციის დამშვებ ქვეყანაში ხორციელდება. სხვა ქვეყნები სუროგაციას საზღვარგარეთ არ სჯიან, მაგრამ შეიძლება არ აღიარონ განზრახული დედის მშობლობა ან ბავშვის მოქალაქეობის მიღება გაართულონ.

 

რა ხდება, თუ წყვილი პროცესის დროს დაშორდა ან ერთ-ერთი გარდაიცვალა?

 

№18 ბრძანების მე-19 მუხლის მე-5 პუნქტი ბავშვის რეგისტრაციისთვის ორივე მშობლის განცხადებას ითხოვს. ერთი მშობლის განცხადება საკმარისია მხოლოდ ორ შემთხვევაში:

  • მეორე მშობელი ხელშეკრულების დადებასა და ბავშვის დაბადებას შორის გარდაიცვალა;
  • მეორე მშობელი მხარდაჭერის მიმღებად არის ცნობილი.

კანონი პირდაპირ არ აწესრიგებს სიტუაციას, როცა წყვილი ხელშეკრულების დადების შემდეგ დაშორდა, ან ერთ-ერთი მხარე რეგისტრაციის განცხადებაზე უარს ამბობს. ორივე მშობლის განცხადების მოთხოვნის გათვალისწინებით, ასეთი ვითარება რეგისტრაციის სერიოზულ რისკს ქმნის. მასზე პასუხი ხელშეკრულების შინაარსზე და კონკრეტულ ფაქტებზეა დამოკიდებული.

 

რა ხდება, თუ წყვილი კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს?

 

შედეგები ეტაპობრივად დგება:

  • ხელშეკრულების დამოწმება რისკის ქვეშ დგება. ხელშეკრულება საჯარო სანოტარო აქტით მოწმდება (№71 ბრძანების 54¹ მუხლის მე-6 პუნქტი), თანაცხოვრება კი ნოტარიუსის წინაშე დოკუმენტებით უნდა დადასტურდეს (იმავე მუხლის მე-4 პუნქტი). თუ კრიტერიუმი არ სრულდება, ნოტარიუსმა შესაძლოა დამოწმებაზე უარი თქვას. ხოლო თუ ხელშეკრულება მაინც დამოწმდა, ის ბავშვის რეგისტრაციისთვის საკმარის საფუძვლად შეიძლება არ ჩაითვალოს.
  • ბავშვი შეიძლება მშობლების მითითების გარეშე დარეგისტრირდეს. თუ რეგისტრაციისთვის საჭირო ხელშეკრულება არ არსებობს ან მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, სააგენტო მოთხოვნილი მონაცემებით რეგისტრაციაზე უარს ამბობს და ბავშვის სახელი და გვარი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს განცხადებით ჩაიწერება (№18 ბრძანების მე-19 მუხლის მე-6 პუნქტი).
  • ბავშვი საქართველოდან ვერ გავა. თუ სუროგაციით დაბადებული ბავშვის დაბადების ჩანაწერში ორივე მშობელი მითითებული არ არის, მესაზღვრე ქვეყნიდან გასვლაზე უარს ამბობს (ერთობლივი ბრძანება №133/№144, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი).

კრიტერიუმის შემოწმება ამიტომ პროგრამის დასაწყისშივე უნდა მოხდეს, ემბრიონის შექმნამდე. ამ ეტაპის შემდეგ შეცდომის გამოსწორება ხშირად შეუძლებელია.

 

როდის არის კონსულტაცია აუცილებელი პროგრამის დაწყებამდე?

 

წყვილის კრიტერიუმი მარტივად ჟღერს, მაგრამ პრაქტიკაში რისკი სწორედ ზღვრულ შემთხვევებში ჩნდება. სამართლებრივი შეფასება განსაკუთრებით საჭიროა, თუ:

  • ქორწინება ან თანაცხოვრება ერთ წელზე ნაკლებია, ან ვადა ხელშეკრულების დაგეგმილ თარიღს ემთხვევა;
  • ქორწინება საზღვარგარეთ დაიდო ან წყვილი არ არის დაქორწინებული;
  • თანაცხოვრების დამადასტურებელი ქართული დოკუმენტები არ არსებობს;
  • სუროგაციის სამედიცინო საფუძველი საშვილოსნოს არქონა არ არის;
  • ემბრიონი უკვე შექმნილია, განსაკუთრებით სხვა კლინიკაში ან სხვა ქვეყანაში;
  • ბავშვთან გენეტიკური კავშირი არ იქნება;
  • წყვილის ქვეყანა სუროგაციას კრძალავს ან არ აღიარებს.

L&L Consulting-ის გუნდი აფასებს, აკმაყოფილებს თუ არა წყვილი ქართული კანონმდებლობის მოთხოვნებს, და ავლენს რისკებს ხელშეკრულების დადებამდე. ვრცლად ჩვენი სამედიცინო სამართლის პრაქტიკის შესახებ.


ხშირად დასმული კითხვები

 

შეუძლია თუ არა სუროგაცია დაუქორწინებელ წყვილს საქართველოში? დიახ, თუ ქალი და მამაკაცი სულ მცირე ბოლო ერთი წელია ფაქტობრივ თანაცხოვრებაში არიან და ეს ნოტარიუსის წინაშე დოკუმენტებით დასტურდება (№18 ბრძანების მე-19 მუხლის 1¹ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი).

რამდენი ხანი უნდა იყოს წყვილი დაქორწინებული? სულ მცირე ერთი წელი ხელშეკრულების დადების მომენტისთვის. ალტერნატივაა ბოლო ერთი წლის ფაქტობრივი თანაცხოვრება.

შეუძლია თუ არა სუროგაცია მარტოხელა ქალს ან მამაკაცს? არა. ხელშეკრულების მხარე მხოლოდ ქალისა და მამაკაცისგან შემდგარი წყვილი შეიძლება იყოს.

შეუძლიათ თუ არა სუროგაცია ერთსქესიან წყვილებს, მათ შორის საზღვარგარეთ დაქორწინებულებს? არა. საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ერთსქესიან ქორწინებას საქართველოში იურიდიული ძალა არ აქვს („ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლი).

შეუძლიათ თუ არა უცხოელებს სუროგაცია საქართველოში? დიახ, საქართველოს მოქალაქეების თანაბარ პირობებში. 2023 წლის კანონპროექტი, რომელიც უცხოელებს სუროგაციას აუკრძალავდა, მიღებული არ არის.

სავალდებულოა თუ არა ბავშვთან გენეტიკური კავშირი? ქართული კანონმდებლობით არა. მშობლებად ჩაიწერება წყვილი მაშინაც, როცა ორივე სასქესო უჯრედი დონორისაა. წყვილის ქვეყანამ კი შეიძლება გენეტიკური კავშირი მოითხოვოს.

საჭიროა თუ არა სამედიცინო ჩვენება? დიახ. კანონი სუროგაციას უშვებს, „თუ ქალს არა აქვს საშვილოსნო“ („ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის 143-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი). სხვა ჩვენებების შეფასება ინდივიდუალურია.

რა მოხდება, თუ წყვილი ხელშეკრულების დადების შემდეგ დაშორდა? კანონი ამ შემთხვევას პირდაპირ არ აწესრიგებს. ბავშვის რეგისტრაციისთვის ორივე მშობლის განცხადებაა საჭირო (№18 ბრძანების მე-19 მუხლის მე-5 პუნქტი), ამიტომ დაშორება რეგისტრაციის სერიოზულ რისკს ქმნის.

რა მოხდება, თუ წყვილი კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს? ნოტარიუსმა შესაძლოა ხელშეკრულების დამოწმებაზე უარი თქვას. მოთხოვნების შესაბამისი ხელშეკრულების გარეშე ბავშვი მშობლების მითითებით ვერ დარეგისტრირდება და საქართველოდან ვერ გავა.


ნორმატიული წყაროები

 


ავტორი: ზურაბ ლორია — L&L Consulting-ის მმართველი პარტნიორი, ადვოკატი.