04.09.2026

გაყინული ემბრიონი: ვის აქვს განკარგვის უფლება?

ქართულ კანონმდებლობაში არ არსებობს ნორმა, რომელიც პირდაპირ ადგენს, ვის ეკუთვნის გაყინული ემბრიონის განადგურების ან შენახვის შესახებ გადაწყვეტილება. პრაქტიკაში ამ საკითხს სამი დოკუმენტი წყვეტს: წყვილის წერილობითი თანხმობა, კლინიკასთან დადებული ხელშეკრულება და ის ცნობა, რომელიც გაყინვამდე უნდა შედგეს. კლინიკას კანონით არ აქვს მინიჭებული უფლება, ცალმხრივად გაანადგუროს ემბრიონი იმ პირების წინააღმდეგობის მიუხედავად, რომელთა გენეტიკური მასალითაც ის შეიქმნა, თუმცა პირდაპირი აკრძალვაც არ არსებობს. სწორედ ამიტომ საქმეს დოკუმენტაცია წყვეტს.

ქვემოთ განხილულია, რას ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა, რომელი დოკუმენტებია სავალდებულო და რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია პაციენტს, თუ მკურნალობის შეწყვეტა და ემბრიონების განადგურება დგება დღის წესრიგში.

 

რას ითვალისწინებს კანონი ექსტრაკორპორულ განაყოფიერებაზე?

 

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 143-ე მუხლი ექსტრაკორპორულ განაყოფიერებას ორ შემთხვევაში უშვებს:

  • უშვილობის სამკურნალოდ, ან როდესაც არსებობს ცოლის ან ქმრის მხრიდან გენეტიკური დაავადების გადაცემის რისკი, წყვილის ან დონორის სასქესო უჯრედების ან ემბრიონის გამოყენებით, თუ მიღებულია წყვილის წერილობითი თანხმობა;
  • როდესაც ქალს არა აქვს საშვილოსნო, მიღებული ემბრიონის სხვა ქალის („სუროგატული დედის“) საშვილოსნოში გადატანით; აქაც წყვილის წერილობითი თანხმობა სავალდებულოა.

იმავე მუხლის მე-2 პუნქტით, ბავშვის დაბადების შემთხვევაში მშობლებად წყვილი ითვლება, ხოლო დონორი და სუროგატული დედა მოკლებულნი არიან ბავშვის მშობლად ცნობის უფლებას.

აქედან ორი დასკვნა გამომდინარეობს. პირველი, კანონი მთელ კონსტრუქციას წყვილის წერილობით თანხმობაზე აშენებს. მეორე, კანონი დუმს იმაზე, რა ხდება მაშინ, როცა ემბრიონი უკვე შექმნილი და გაყინულია, მხარეებს შორის კი დავა წარმოიშვა. სწორედ ამ სიცარიელეს ავსებს დოკუმენტაცია.

 

რას ნიშნავს სინამდვილეში „10 წლის ვადა“?

 

ხშირად გვხვდება მოსაზრება, თითქოს საქართველოში ემბრიონის შენახვა 10 წლით არის შეზღუდული. ეს არაზუსტია.

10 წელი მოხსენიებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით დამტკიცებული „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის“ მე-19 მუხლის მე-2 პუნქტში — 2020 წლის 25 აგვისტოს №598 ბრძანებით დადგენილი რედაქციით. ნორმა ადგენს: თუ ემბრიონის შექმნის შემდეგ განხორციელდა მისი კრიოპრეზერვაცია და შექმნიდან იმპლანტაციამდე პერიოდი არ აღემატება 10 წელს, ხელშეკრულება იმპლანტაციამდე უნდა დაიდოს.

ანუ 10 წელი დაბადების რეგისტრაციის პირობაა და არა შენახვის ვადა. ის განსაზღვრავს, რა დროში შეიძლება ემბრიონის გამოყენება ისე, რომ შემდეგ ბავშვის მშობლების რეგისტრაცია შესაძლებელი დარჩეს. კრიოშენახვის ხანგრძლივობა კი კლინიკასთან დადებული ხელშეკრულების საგანია.

 

ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი — გაყინვამდე შედგენილი ცნობა

 

მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი კიდევ ერთ მოთხოვნას ადგენს, რომელიც პრაქტიკაში ხშირად რჩება ყურადღების მიღმა. კრიოპრეზერვაციის შემთხვევაში სააგენტოს უნდა წარედგინოს გაყინვამდე შედგენილი ცნობა, რომელშიც მითითებულია წყვილის ვინაობა ის პირები, ვინც ბავშვის დაბადების შემდეგ მშობლებად დაფიქსირდებიან.

ეს ცნობა ერთადერთი დოკუმენტია, რომელიც კონკრეტულ გაყინულ ემბრიონებს კონკრეტულ პირებთან წინასწარ და თარიღით აკავშირებს. მისი არსებობა განსაზღვრავს, შესაძლებელი იქნება თუ არა საერთოდ ამ ემბრიონებიდან დაბადებული ბავშვის მშობლების რეგისტრაცია საქართველოში.

პაციენტისთვის დასკვნა მარტივია: ეს ცნობა უნდა მოითხოვოთ და შეინახოთ გაყინვის მომენტში, და არა მაშინ, როცა დავა უკვე დაწყებულია.

 

რას ითხოვს სახელმწიფო ფორმა დონორებზე?

 

№18 ბრძანების დანართი №2 არის ექსტრაკორპორული განაყოფიერების დამადასტურებელი ცნობის დამტკიცებული ფორმა. ის განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან თავად სახელმწიფო განსაზღვრავს, რა მონაცემები უნდა დაფიქსირდეს.

ფორმა მოიცავს:

  • მშობლებად ჩასაწერი პირების, პოტენციური დედისა და მამის სრულ საიდენტიფიკაციო მონაცემებს;
  • სუროგატი დედის მონაცემებს;
  • მითითებას, გამოყენებულია თუ არა დონორის ბიოლოგიური მასალა, ოთხი შესაძლო ვარიანტიდან;
  • დონორი I-ისა და დონორი II-ის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, მოქალაქეობასა და პასპორტის ან პირადობის მოწმობის ნომერს;
  • ემბრიონების შექმნის თარიღს, ადგილსა და რაოდენობას;
  • კრიოპრეზერვაციის მონაცემებს: გაყინვის თარიღსა და ადგილს, საქართველოში შემოტანის თარიღსა და სასაზღვრო გამტარ პუნქტს, გამოლღობილი და იმპლანტირებული ემბრიონების რაოდენობას.

ანუ დონორის იდენტიფიცირება კლინიკის შიდა საქმე არ არის, ეს სახელმწიფო ფორმის სავალდებულო რეკვიზიტია. თუ ემბრიოლოგიურ ან სამედიცინო დოკუმენტაციაში დონორის გრაფა შეუვსებელია, ეს ტექნიკური გამოტოვება კი არა, იმ ჯაჭვის წყვეტაა, რომელზეც შემდგომი რეგისტრაცია დგას.

მე-19 მუხლის 2¹ პუნქტი დასძენს: თუ ემბრიონი შეიქმნა არა იმ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც იმპლანტაცია ხდება, ცნობაში ემბრიონის შესახებ ინფორმაცია აისახება ემბრიონის შექმნის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რომელიც ცნობას თან უნდა დაერთოს.

 

ვინ შეიძლება იყოს ხელშეკრულების მხარე?

 

მე-19 მუხლის 1¹ პუნქტით, ხელშეკრულების მხარე შეიძლება იყოს მხოლოდ ქალისა და მამაკაცისგან შემდგარი წყვილი, რომლის მიზანია ექსტრაკორპორული გზით დაბადებული ბავშვის აღზრდა, და თუ ისინი:

  • იმყოფებიან ქორწინებაში და ქორწინებიდან გასულია სულ მცირე 1 წელი; 
  • ან იმყოფებიან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში სულ მცირე უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში.

1² პუნქტით, ფაქტობრივი თანაცხოვრება ნოტარიუსის წინაშე კონკრეტული დოკუმენტებით უნდა დადასტურდეს: საინფორმაციო-სამისამართო ბარათით, საჯარო რეესტრიდან ამონაწერით საერთო სარგებლობისთვის განკუთვნილ ქონებაზე თანამესაკუთრეობის შესახებ, რელიგიური ქორწინების დამადასტურებელი საბუთით ან სხვა დოკუმენტით.

მარტოხელა პირი და ერთსქესიანი წყვილი ამ განსაზღვრებაში არ ჯდება. ეს საკითხი დაწვრილებით განხილულია ცალკე მასალაში: ვის შეუძლია სუროგაციით სარგებლობა საქართველოში.

 

რა ფორმით უნდა დაიდოს ხელშეკრულება?

 

მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ითხოვს, რომ ხელშეკრულება დაიდოს ემბრიონის შექმნამდე, გარდა კრიოპრეზერვაციის შემთხვევისა, როცა ის იმპლანტაციამდე იდება და დამოწმდეს საჯარო სანოტარო აქტით.

სანოტარო მხარეს აწესრიგებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54¹ მუხლი, 2020 წლის 21 სექტემბრის №614 ბრძანებით დამატებული სახით:

  • მხარეები ვალდებული არიან მიმართონ ერთ ნოტარიუსს და ხელი მოაწერონ სანოტარო აქტს;
  • სუროგატი დედა ვალდებულია პირადად გამოცხადდეს ნოტარიუსთან წარმომადგენლის მეშვეობით ასეთი გარიგების დადება დაუშვებელია;
  • დონორი ვალდებულია ნოტარიუსს წარუდგინოს სამედიცინო დაწესებულების ცნობა, რომელიც მისი დონორობის ფაქტს ადასტურებს;
  • ამ ცნობის წარმოუდგენლობის ან არასარწმუნოდ მიჩნევის შემთხვევაში ნოტარიუსი ვალდებულია უარი თქვას სანოტარო მოქმედების შესრულებაზე.

ანუ დონორის დოკუმენტური დადასტურება სავალდებულო წინაპირობაა და არა ფორმალობა.

 

რა უფლებები აქვს პაციენტს, თუ კლინიკა მკურნალობის შეწყვეტას გადაწყვეტს?

 

ასეთ ვითარებაში ოთხი პარალელური ნაბიჯი არსებობს.

სამედიცინო დოკუმენტაციის გამოთხოვა. „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლი პაციენტს, ხოლო მისი თანხმობის შემთხვევაში ნათესავსა და კანონიერ წარმომადგენელს აძლევს უფლებას გაეცნოს სამედიცინო ჩანაწერებს და მოითხოვოს მათი ნებისმიერი ნაწილის ასლი. მოთხოვნა სამედიცინო დაწესებულებას წერილობით უნდა წარედგინოს.

თანხმობის ფორმების იდენტიფიცირება. ჯანდაცვის კანონის 143-ე მუხლი მთელ პროცედურას წყვილის წერილობით თანხმობაზე აშენებს. თუ ასეთი თანხმობა არ არსებობს, ან ხელმოწერილია პირის მიერ, რომელიც პროცედურაში ფაქტობრივად არ მონაწილეობდა, ეს არსებითი ხარვეზია.

მიმართვა მარეგულირებელ ორგანოში. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს აქვს ინსპექტირების უფლებამოსილება, დოკუმენტაციის შემოწმებისა და ამოღების ჩათვლით. მიმართვა არ საჭიროებს სასამართლო წარმოების წინასწარ დაწყებას.

გადაუდებელი სასამართლო დაცვა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-199 მუხლების საფუძველზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნა შესაძლებელია სარჩელის აღძვრამდეც. 198-ე მუხლი ითვალისწინებს მოპასუხისთვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვას, ამ შემთხვევაში გალღობის, განადგურების ან გადაცემის აკრძალვას. მთავარი არგუმენტი შეუქცევადობაა: განადგურების შემდეგ აღდგენა შეუძლებელია, ხოლო შენახვის გაგრძელება მოპასუხისთვის მინიმალურ და ანაზღაურებად ტვირთს ქმნის. გასათვალისწინებელია, რომ სასამართლომ შესაძლოა მოითხოვოს საწინააღმდეგო უზრუნველყოფა, ანუ თანხის დეპონირება მოკლე ვადაში.

ამ ტიპის საქმეებზე წარმომადგენლობას ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს: სამედიცინო სამართალი 

 

კონფიდენციალურობა და იდენტიფიკაცია

 

კლინიკები ხშირად უარს ამბობენ ინფორმაციის გაცემაზე იმ მოტივით, რომ მომთხოვნის ვინაობა დადასტურებული არ არის. ეს პოზიცია ნაწილობრივ საფუძვლიანია.

პაციენტის უფლებების კანონის 27-ე მუხლი სამედიცინო მომსახურების გამწევს ავალდებულებს პაციენტის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვას როგორც სიცოცხლეში, ისე გარდაცვალების შემდეგ. 28-ე მუხლი კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებას მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში უშვებს, მათ შორის პაციენტის თანხმობით.

შესაბამისად, ინფორმაციის მოთხოვნა თავიდანვე ფორმალიზებული უნდა იყოს წერილობით, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით, ხოლო წარმომადგენლის მოქმედების შემთხვევაში სათანადოდ დამოწმებული მინდობილობით. ეს დაწესებულებას პროცედურულ საბაბს ართმევს.


ხშირად დასმული კითხვები

 

შეუძლია თუ არა კლინიკას ემბრიონის განადგურება პაციენტის თანხმობის გარეშე? პირდაპირი ამკრძალავი ნორმა არ არსებობს, მაგრამ არც შესაბამისი უფლებამოსილებაა კანონით მინიჭებული. საკითხი ინფორმირებული თანხმობის ფორმისა და კლინიკასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე წყდება. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ პაციენტს ორივე დოკუმენტის ასლი ჰქონდეს.

რამდენ ხანს ინახება გაყინული ემბრიონი საქართველოში? კანონმდებლობა შენახვის მაქსიმალურ ვადას არ ადგენს. 10-წლიანი ვადა დაბადების რეგისტრაციის შესაძლებლობას ეხება და არა შენახვას.

შესაძლებელია თუ არა ემბრიონის სხვა კლინიკაში გადატანა? კანონმდებლობა ამას არ კრძალავს, მაგრამ არც კლინიკას ავალდებულებს. პრაქტიკაში საჭიროა როგორც გამცემი, ისე მიმღები დაწესებულების თანხმობა.

შეუძლია თუ არა მარტოხელა პირს პროგრამის დაწყება საქართველოში? №18 ბრძანების მე-19 მუხლის 1¹ პუნქტი ხელშეკრულების მხარედ მხოლოდ ქალისა და მამაკაცისგან შემდგარ წყვილს განსაზღვრავს.

რა მოხდება, თუ ხელშეკრულება ვერ იქნება წარდგენილი? მე-19 მუხლის მე-6 პუნქტით, დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის მშობლები არ მიეთითება, ხოლო სახელი და გვარი მიეთითება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს განცხადების საფუძველზე.


ნორმატიული წყაროები

 

  1. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, 143-ე მუხლი
  2. „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი, მე-17, 27-ე და 28-ე მუხლები
  3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანება, მე-19 მუხლი და დანართი №2 
  4. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 აგვისტოს №598 ბრძანება
  5. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანება, 54¹ მუხლი
  6. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 21 სექტემბრის №614 ბრძანება
  7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი — 191-199 მუხლები

ავტორი: ზურაბ ლორია — L&L Consulting-ის მმართველი პარტნიორი, ადვოკატი.