12.07.2026
კრიპტოდან მიღებული თანხის ბანკში შეტანა: წარმომავლობის დადასტურება და წინასწარი შეთანხმება ბანკთან
თქვენ წლების წინ შეიძინეთ კრიპტოაქტივები, დღეს კი გსურთ მათი გაყიდვა და თანხის საბანკო ანგარიშზე განთავსება, ბინის საყიდლად, ბიზნესის დასაწყებად ან უბრალოდ დანაზოგის შესანახად და აქ ხშირად ჩნდება პრობლემა, რომელსაც ბევრი არ ელოდება: ბანკი გეკითხებათ, საიდან გაქვთ ეს თანხა, ითხოვს დოკუმენტებს, აჩერებს ოპერაციას ან საერთოდ უარს გეუბნებათ მომსახურებაზე.
ეს არ არის ბანკის ახირება. ეს არის კანონის მოთხოვნა, რომელსაც კონკრეტული ლოგიკა და რაც მთავარია კონკრეტული გადაწყვეტა აქვს. ამ სტატიაში განვიხილავთ, რატომ ითხოვენ ქართული ბანკები კრიპტოაქტივებიდან მიღებული თანხის წარმომავლობის დადასტურებას, რა დოკუმენტები გჭირდებათ და როგორ მუშაობს წინასწარი შეთანხმების მიდგომა, რომელიც უარის რისკს მინიმუმამდე ამცირებს.
რატომ ითხოვს ბანკი თანხის წარმომავლობის დადასტურებას
საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშვალდებული პირები არიან. ეს ნიშნავს, რომ კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე და ოპერაციების განხორციელებისას ბანკი ვალდებულია განახორციელოს პრევენციული ღონისძიებები, გადაამოწმოს კლიენტის ვინაობა, შეაფასოს რისკები და საეჭვო გარიგების ნიშნების არსებობისას, ინფორმაცია გადასცეს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს.
კრიპტოაქტივები ამ სისტემაში ავტომატურად მაღალი რისკის კატეგორიაში ხვდება რამდენიმე მიზეზით:
პირველი — ტრანზაქციების ანონიმურობის ხარისხი. ბანკი ვერ ხედავს, ვინ იყო თქვენი კონტრაჰენტი ბლოკჩეინში, ამიტომ მთელი მტკიცების ტვირთი თქვენზე გადმოდის.
მეორე — მარეგულირებლის მკაცრი პოზიცია. საქართველოს ეროვნული ბანკი 2023 წლიდან არეგულირებს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებს და ბანკებისგანაც შესაბამის სიფრთხილეს მოელის. ეროვნულმა ბანკმა საჯაროდაც გააფრთხილა მოქალაქეები, რომ კრიპტოაქტივები არარეგისტრირებულ პლატფორმებზე არ განათავსონ.
მესამე — საერთაშორისო ვალდებულებები. საქართველო ასრულებს ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) და ევროპის საბჭოს შემფასებელი კომიტეტის (MONEYVAL) რეკომენდაციებს, რაც პირდაპირ აისახება ბანკების შიდა პოლიტიკაზე.
პრაქტიკული შედეგი მარტივია: ბანკისთვის უფრო იაფია უარი გითხრათ, ვიდრე რისკიანი კლიენტი მიიღოს. თუ თქვენ ვერ წარადგენთ დამაჯერებელ დოკუმენტაციას, ბანკი უმეტესად არც შეეცდება სიღრმისეულ ანალიზს, უბრალოდ იტყვის უარს ან გაგიყინავთ ოპერაციას.
რა არის „თანხის წარმომავლობის დადასტურება" კრიპტოაქტივების შემთხვევაში?
თანხის წარმომავლობის დადასტურება (საერთაშორისო პრაქტიკაში — Source of Funds) ნიშნავს დოკუმენტურად აღდგენილ ჯაჭვს: საიდან გაჩნდა თანხა, რომლითაც კრიპტოაქტივი შეიძინეთ, როგორ განკარგავდით ამ აქტივს და როგორ გარდაიქმნა ის იმ თანხად, რომლის ბანკში შეტანაც გსურთ.
კრიპტოაქტივების შემთხვევაში ეს ჯაჭვი, როგორც წესი, სამი რგოლისგან შედგება:
საწყისი კაპიტალის წყარო. რითი შეიძინეთ კრიპტოაქტივი თავდაპირველად: ხელფასით, ბიზნესშემოსავლით, ქონების გაყიდვით, მემკვიდრეობით. ამის დასადასტურებლად გამოდგება ხელშეკრულებები, საგადასახადო დეკლარაციები, ანგარიშის ამონაწერები შესყიდვის პერიოდიდან.
აქტივის ფლობის ისტორია. ბლოკჩეინის ჩანაწერები, ბირჟის ანგარიშის ისტორია, საფულის მისამართები, ტრანზაქციების ამონაწერები. თუ აქტივი მაინინგით მოიპოვეთ, მაინინგის აღჭურვილობის შეძენისა და ელექტროენერგიის ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები.
კონვერტაციის დოკუმენტაცია. სად და როგორ გაყიდეთ (ან აპირებთ გაყიდვას) კრიპტოაქტივი: რეგისტრირებული პროვაიდერის ან ბირჟის ამონაწერი, გაყიდვის დამადასტურებელი ჩანაწერები, კურსის ფიქსაცია.
რაც უფრო ძველია აქტივი და რაც მეტჯერ გადაადგილდა ის საფულეებს შორის, მით უფრო რთულია ჯაჭვის აღდგენა და მით უფრო ღირებულია პროფესიული დახმარება დოკუმენტაციის მომზადებაში.
რას ნიშნავს წინასწარი შეთანხმება ბანკთან და რატომ მუშაობს ეს?
ყველაზე გავრცელებული შეცდომა ასეთია: ადამიანი ჯერ ყიდის კრიპტოაქტივს, თანხას რიცხავს საკუთარ ანგარიშზე და მხოლოდ ამის შემდეგ, როცა ბანკი ოპერაციას აჩერებს იწყებს დოკუმენტების ძებნას. ამ დროს თანხა უკვე გაყინულია, ბანკს კი ჩამოყალიბებული აქვს ეჭვი, რომლის გაქარწყლება ბევრად რთულია, ვიდრე თავიდანვე ნდობის მოპოვება.
წინასწარი შეთანხმების მიდგომა ამ ლოგიკას აბრუნებს: ჯერ დოკუმენტაცია და კომუნიკაცია ბანკთან, შემდეგ ტრანზაქცია. პროცესი ასე გამოიყურება:
პირველი ეტაპი — სამართლებრივი აუდიტი. ადვოკატი აფასებს თქვენს კონკრეტულ სიტუაციას: აქტივის შეძენის ისტორიას, არსებულ დოკუმენტებს, საგადასახადო მდგომარეობას და ხარვეზებს, რომლებიც ბანკს კითხვებს გაუჩენს.
მეორე ეტაპი — დოკუმენტაციის პაკეტის მომზადება. დგება წარმომავლობის სრული ქრონოლოგია თანდართული მტკიცებულებებით, ისეთი სტრუქტურით, როგორსაც ბანკის შესაბამისობის სამსახური ელოდება. აქ მნიშვნელოვანია ენა და ფორმატი. ბანკის რისკების ოფიცერი ბლოკჩეინის ტექნიკურ დეტალებს კი არა, გასაგებ, დოკუმენტურად გამყარებულ ისტორიას აფასებს.
მესამე ეტაპი — კომუნიკაცია ბანკთან ტრანზაქციამდე. მომზადებული პაკეტი ბანკს წარედგინება წინასწარ, სანამ თანხა ანგარიშზე ჩაირიცხება. ეს ბანკს აძლევს დროს ანალიზისთვის და თქვენ შესაძლებლობას, დამატებითი კითხვების არსებობის შემთხევაში აღნიშნულზეც გქონდეთ შესაბამისი პასუხები.
მეოთხე ეტაპი — ტრანზაქციის განხორციელება. მხოლოდ მაშინ, როცა ბანკის მხრიდან პრინციპული თანხმობა არსებობს, ხდება კონვერტაცია და ჩარიცხვა.
მნიშვნელოვანი დაზუსტება: ვერცერთი ადვოკატი და ვერცერთი დოკუმენტი ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ ბანკი აუცილებლად დაგთანხმდებათ, გადაწყვეტილება ყოველთვის ბანკის შიდა პოლიტიკაზეა დამოკიდებული. მაგრამ სწორად მომზადებული, წინასწარ წარდგენილი დოკუმენტაცია რადიკალურად ცვლის საწყის პოზიციას. თქვენ აღარ ხართ „საეჭვო კლიენტი, რომელმაც უცებ დიდი თანხა მიიღო", არამედ თქვენ ხართ გამჭვირვალე კლიენტი, რომელმაც საკუთარი ინიციატივით წარადგინა სრული სურათი.
ხშირი შეცდომები, რომლებიც უარით მთავრდება
თანხის დანაწევრება. დიდი თანხის მცირე ნაწილებად დაშლა და სხვადასხვა ანგარიშზე გადანაწილება ბანკის თვალში კლასიკური საეჭვო ქცევის ნიშანია და მდგომარეობას აუარესებს, არ აუმჯობესებს.
არარეგისტრირებული გადამცვლელების გამოყენება. თანხა, რომელიც ეროვნულ ბანკში რეგისტრირებული პროვაიდერის გვერდის ავლით, პირად შეხვედრებზე ან არაფორმალური არხებით არის კონვერტირებული, დოკუმენტურად თითქმის შეუძლებელია დასაბუთდეს.
დოკუმენტების არარსებობა შესყიდვის პერიოდიდან. ბევრს ჰგონია, რომ საკმარისია ბირჟის დღევანდელი ამონაწერი. ბანკს კი აინტერესებს სრული ჯაჭვი, მათ შორის ის, რითი შეიძინეთ აქტივი წლების წინ.
საგადასახადო საკითხის იგნორირება. კრიპტოაქტივის რეალიზაციას შესაძლოა საგადასახადო შედეგები ახლდეს. ბანკისთვის წარდგენილი ისტორია და თქვენი საგადასახადო მდგომარეობა ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ერთი პრობლემის მოგვარებით მეორეს შექმნით.
რა უნდა გააკეთოთ, თუ ბანკმა უკვე გითხრათ უარი ან გაგიყინათ თანხა
პირველი — ნუ ეცდებით იმავე თანხის სხვა ბანკში „გატანას" იმავე დოკუმენტაციით. საბანკო სექტორში რისკების შეფასების მიდგომები მსგავსია და მეორე უარი მხოლოდ გაართულებს სიტუაციას.
მეორე — მოითხოვეთ ბანკისგან წერილობითი განმარტება, რა დოკუმენტაცია აკლია ან რა გახდა უარის საფუძველი. ბანკები ყოველთვის არ ასაბუთებენ უარს დეტალურად, მაგრამ ოპერაციის შეჩერების შემთხვევაში, როგორც წესი, კონკრეტულ დოკუმენტებს ითხოვენ და ეს სია თქვენი სამოქმედო გეგმის საფუძველია.
მესამე — მიმართეთ ადვოკატს დოკუმენტაციის ხარვეზების ანალიზისთვის, სანამ ბანკს განმეორებით პასუხს გაუგზავნით. არასრული ან წინააღმდეგობრივი პასუხი ხშირად უფრო მეტი ზიანის მომტანია, ვიდრე პასუხის დაგვიანება.
როგორ გეხმარებათ ადვოკატი ამ პროცესში
კრიპტოაქტივების წარმომავლობის დასაბუთება სამართლებრივი, ფინანსური და ტექნიკური ცოდნის გადაკვეთაზეა. ადვოკატის როლი აქ სამია: შეაფასოს თქვენი ისტორიის სუსტი წერტილები ბანკის თვალით, ააწყოს დოკუმენტაცია ისე, რომ ის ფულის გათეთრების კანონმდებლობის მოთხოვნებს პასუხობდეს და აწარმოოს კომუნიკაცია ბანკთან პროფესიულ ენაზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ ადვოკატები, რომლებიც კლიენტს კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ან საბანკო ანგარიშის მართვასთან დაკავშირებულ მომსახურებას უწევენ, თავადაც ფულის გათეთრების აღკვეთის კანონმდებლობის მოქმედების ქვეშ ექცევიან. ეს თქვენთვის დამატებითი დაცვის მექანიზმია. კეთილსინდისიერი ადვოკატი არასოდეს დაგეხმარებათ დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის „შენიღბვაში", მისი სამუშაო მხოლოდ ლეგალური აქტივების გამჭვირვალე დოკუმენტირებაა. თუ ვინმე საპირისპიროს გპირდებათ, ეს თავად არის განგაშის ნიშანი.
L&L Consulting-ის გუნდი სპეციალიზდება კრიპტოაქტივებთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებში, თანხის წარმომავლობის დოკუმენტაციიდან ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციამდე. თუ გეგმავთ კრიპტოაქტივების კონვერტაციას ან უკვე შეგექმნათ პრობლემა ბანკთან, დაგვიკავშირდით პირველადი კონსულტაციისთვის.
ხშირად დასმული კითხვები
ლეგალურია თუ არა კრიპტოვალუტის ფლობა და გაყიდვა საქართველოში?
დიახ. ფიზიკური პირისთვის კრიპტოაქტივის ფლობა და გასხვისება ნებადართულია. რეგულირება ეხება ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებს, კომპანიებს, რომლებიც სხვებისთვის ახორციელებენ გადაცვლას, გადაცემას ან შენახვას და რომლებიც საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციას ექვემდებარებიან.
რამდენ ხანს გრძელდება წინასწარი შეთანხმების პროცესი?
დამოკიდებულია დოკუმენტაციის სისრულეზე და საქმის სირთულეზე. მარტივ შემთხვევებში (ერთი ბირჟა, სუფთა ისტორია, არსებული დოკუმენტები) პროცესს რამდენიმე კვირა სჭირდება; რთული ისტორიის აღდგენას, მეტი. კონკრეტული ვადა პირველადი აუდიტის შემდეგ ზუსტდება.
რა თანხიდან ითხოვს ბანკი წარმომავლობის დადასტურებას?
ერთიანი ზღვარი არ არსებობს, თითოეული ბანკი საკუთარი რისკების პოლიტიკით ხელმძღვანელობს და მხედველობაში იღებს არა მხოლოდ თანხის ოდენობას, არამედ თქვენს პროფილს, შემოსავლების ისტორიას და ტრანზაქციის ხასიათს. კრიპტოაქტივებთან დაკავშირებული ოპერაციები კი ოდენობის მიუხედავად გაზრდილი ყურადღების ქვეშაა.
თუ კრიპტოაქტივი წლების წინ შევიძინე და დოკუმენტები აღარ მაქვს, გამოსავალი არსებობს?
უმეტეს შემთხვევაში კი. ბლოკჩეინის ჩანაწერები საჯაროა და ტრანზაქციების ისტორიის აღდგენა ტექნიკურად შესაძლებელია. ბირჟების უმეტესობა ინახავს ისტორიულ მონაცემებს, რომელთა გამოთხოვაც შეიძლება; საწყისი კაპიტალის წყარო კი ირიბი მტკიცებულებებითაც დასტურდება. თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურ შეფასებას საჭიროებს.
ბანკმა უარი მითხრა — შემიძლია მისი გასაჩივრება?
ბანკს, როგორც კერძო სამართლის სუბიექტს, აქვს გარკვეული თავისუფლება კლიენტების შერჩევაში, ამიტომ უარის ფორმალური „გასაჩივრება" უმეტესად არაეფექტიანი გზაა. პრაქტიკაში ბევრად უკეთ მუშაობს ხარვეზების გამოსწორება და განმეორებითი, სრულყოფილი წარდგენა ან სხვა ფინანსურ ინსტიტუტთან თავიდანვე სწორად აწყობილი პროცესი.
ეს სტატია მომზადებულია L&L Consulting-ის მიერ საინფორმაციო მიზნით და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას კონკრეტულ სიტუაციაზე. კანონმდებლობა და ბანკების პრაქტიკა იცვლება, თქვენს შემთხვევაზე მორგებული რჩევისთვის მიმართეთ ადვოკატს.




