21.06.2026

კომპანიის დაფუძნება თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში

ბევრი საერთაშორისო ბიზნესი, რომელიც საქართველოს განიხილავს, როგორც საინვესტიციო გარემოს პირველად სწორედ ერთ ფრაზას აწყდება „ნული პროცენტი გადასახადი თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში". ეს მართალია, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ. თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (FIZ — Free Industrial Zone) მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი საგადასახადო რეჟიმია რეგიონში, თუმცა ის შექმნილია კონკრეტული ტიპის ბიზნესისთვის და რომელმაც შეიძლება უფრო მეტ ზიანი მიაყენოს, ვიდრე სარგებელი მოუტანოს, ისეთ ბიზნეს, რომელიც არ მიეკუთვნება სხვა კატეგორიას.

აღნიშნულ სტატიაში განვიხილავთ, თუ ვისთვის მუშაობს FIZ-ის მოდელი სინამდვილეში, რომელია ოთხი მოქმედი ზონა და რით განსხვავდებიან ისინი, რა საგადასახადო შეღავათებს იძლევა რეჟიმი (და სად მთავრდება ეს შეღავათები), როგორ მიმდინარეობს რეგისტრაცია დისტანციურად და რა ის კონკრეტული საფრთხეები, რომელთა გამოც ბევრი კომპანია მოგვიანებით ნანობს არჩევანს.

 

რა არის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და ვისთვის შეიქმნა იგი

 

თავისუფალი ინდუსტრიული ზონა არის ქვეყნის ტერიტორიის გამოყოფილი ნაწილი, რომელშიც მოქმედებს განსხვავებული საბაჟო და საგადასახადო რეჟიმი. იურიდიულად ის რეგულირდება „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ" საქართველოს კანონითა და საბაჟო კოდექსის შესაბამისი ნაწილით. ზონაში დაფუძნებული საწარმო (FIZ-საწარმო) ფაქტობრივად ცალკე საგადასახადო სამყაროში ფუნქციონირებს სანამ მისი საქმიანობა ზონის ფარგლებში რჩება.

აქ არის პირველი არსებითი დეტალი, რომელსაც ხშირად უგულებელყოფენ: FIZ შექმნილია ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნესისთვის. კანონის ლოგიკა მარტივია, სახელმწიფო უარს ამბობს გადასახადებზე იმ პირობით, რომ ბიზნესი აწარმოებს ან ამუშავებს საქონელს და გააქვს ის საზღვარგარეთ, რითაც ქმნის სამუშაო ადგილებსა და ეკონომიკურ აქტივობას. სწორედ ამიტომ, თუ თქვენი ბიზნეს-მოდელი ემყარება ქართულ შიდა ბაზარზე გაყიდვებს, FIZ დიდი ალბათობით არასწორი არჩევანია.

კანონის თანახმად, ზონაში დასაშვებია ნებისმიერი საქონლის წარმოება და გადამუშავება, ასევე ნებისმიერი მომსახურების გაწევა, გარდა ცალკეული, კატეგორიულად აკრძალული საქმიანობებისა. აკრძალულ საქმიანობებში შედის იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოება და ვაჭრობა, ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებები, ასევე ნარკოტიკული საშუალებები. ამ ჩამონათვალის გარდა, ზონა ღიაა ტექნოლოგიური, სავაჭრო, მსუბუქი მრეწველობის, ლოგისტიკური და მსგავსი ბიზნესისთვის.

 

საქართველოს ოთხი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა

 

დღეისათვის საქართველოში ოთხი მოქმედი თავისუფალი ინდუსტრიული ზონაა. თითოეულს თავისი სპეციალიზაცია, ოპერატორი და გეოგრაფიული უპირატესობა აქვს და სწორი ზონის შერჩევა ხშირად ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად FIZ-სტატუსის მოპოვება.

თბილისის თავისუფალი ზონა (Tbilisi Free Zone) ერთადერთი ზონაა დედაქალაქში. მისი ოპერატორი ბლოკჩეინ-ინდუსტრიაში ცნობილი ჯგუფი BitFury-ა, რის გამოც ზონა ისტორიულად ტექნოლოგიურ და ციფრულ ბიზნესს იზიდავს. დედაქალაქთან სიახლოვე და მზა საოფისე ინფრასტრუქტურა მთავარი უპირატესობაა, თუმცა ფართობი შეზღუდულია და იჯარის ფასი შედარებით მაღალია.

ჰუალინგის ქუთაისის ზონა (Hualing Kutaisi FIZ) მოქმედებს 2015 წლიდან და მართავს ჩინური ჯგუფი Hualing, რომელსაც საქართველოში მრავალწლიანი ინვესტიციები აქვს (მათ შორის ბანკი BasisBank). ზონა დაახლოებით 36 ჰექტარს მოიცავს და სპეციალიზდება ხე-ტყის, ქვისა და ლითონის დამუშავებაში, ავეჯისა და ტექსტილის წარმოებაში. ერთ-ერთი პრაქტიკული უპირატესობა მზა საწარმოო შენობების ხელმისაწვდომობაა, რაც წარმოების სწრაფ დაწყებას აადვილებს.

ქუთაისის თავისუფალი ზონა (Kutaisi Free Zone) ისტორიული ქუთაისის ავტოქარხნის ტერიტორიაზე მდებარეობს და მართავს ჯგუფი Georgian International Holding. ის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მხოლოდ რამდენიმე კილომეტრშია და მოსახერხებელია ტექნოლოგიური, სავაჭრო, ლოჯისტიკური და მსუბუქი მრეწველობის ბიზნესისთვის.

ფოთის თავისუფალი ზონა (Poti Free Zone) ყველაზე დიდი და ერთ-ერთი უძველესია, ის უშუალოდ ფოთის საზღვაო პორტს ეკვრის და ლოჯისტიკაზე, რეექსპორტსა და სატრანზიტო ოპერაციებზე არის ორიენტირებული. პორტთან სიახლოვის გამო ის იდეალურია იმ ბიზნესისთვის, რომელიც დიდი მოცულობის საქონელს ამუშავებს და ანაწილებს.

ზონის არჩევა არ უნდა იხელმძღვანელოთ მხოლოდ ფასით. სატრანზიტო ბიზნესისთვის ფოთის სიახლოვე, პორტთან  მიმართებით რეალურ თანხებს დაგიზოგავთ; ტექნოლოგიური კომპანიისთვის თბილისის ლოკაცია უფრო ღირებულია; მსხვილი წარმოებისთვის კი ქუთაისის ზონები მეტ სივრცესა და დაბალ ოპერაციულ ხარჯს გვთავაზობს.

 

საგადასახადო შეღავათები

 

FIZ-ის მთავარი მიმზიდველობა საგადასახადო რეჟიმია. ზონაში დაფუძნებული საწარმოსთვის მოქმედებს შემდეგი შეღავათები:

  • მოგების გადასახადი — ზონაში დაშვებული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი თავისუფლდება მოგების გადასახადისგან;
  • დღგ (დამატებითი ღირებულების გადასახადი) — ზონის ფარგლებში განხორციელებული ოპერაციები დღგ-სგან გათავისუფლებულია;
  • ქონების გადასახადი — ზონაში განთავსებული ქონება არ იბეგრება;
  • საბაჟო გადასახადი — უცხოური საქონლის ზონაში შემოტანა თავისუფალია საბაჟო გადასახადისგან და დღგ-სგან.

დამატებით, საქართველოში არ მოქმედებს სავალუტო კონტროლი, არ არსებობს კაპიტალის რეპატრიაციის შეზღუდვა, ხოლო ზონაში წარმოებულ ან გადამუშავებულ საქონელზე შესაძლებელია „საქართველოში წარმოებული" (Made in Georgia) წარმოშობის სერტიფიკატის მიღება, რაც ევროკავშირთან, თურქეთთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან მოქმედი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების კონტექსტში მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას ქმნის.

აქ კი იწყება ის ნაწილი, რომელსაც ბევრი სარეკლამო კამპანია გვერდს უვლის. შეღავათები მთავრდება ზონის საზღვართან. როდესაც FIZ-საწარმო საქონელს ან მომსახურებას ქართულ შიდა ბაზარს აწვდის, ეს ოპერაცია უკვე განსხვავებულად იბეგრება და, როგორც წესი, სპეციალურ გადასახადს უკავშირდება. სხვა სიტყვებით, FIZ არ არის უნივერსალური „ნულოვანი გადასახადის" მექანიზმი ნებისმიერი ბიზნესისთვის, ის კონკრეტულად ექსპორტზე ორიენტირებული მოდელია.

თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასა (FIZ) და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიას შორის ტრანზაქციებისას, ძირითადი მოსაკრებელი (გადასახადი) არის 4%-იანი განაკვეთი. იგი განისაზღვრება ოპერაციის ტიპის მიხედვით შემდეგნაირად:

  • საქონლის მიწოდება ზონიდან საქართველოს ტერიტორიაზე: FIZ-ის საწარმო ვალდებულია გადაიხადოს მიღებული შემოსავლის 4%.
  • საქონლის მიწოდება საქართველოს ტერიტორიიდან ზონაში: ამ შემთხვევაშიც FIZ-ის საწარმო იხდის საქონლის საბაზრო ღირებულების 4%-ს.
  • მომსახურების გაწევა ზონიდან საქართველოს ტერიტორიაზე: ასეთ ოპერაციებზე 4%-იანი მოსაკრებელი არ ვრცელდება.
  • დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ): ზონიდან საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას (იმპორტი), დამატებით მოქმედებს 18%-იანი დღგ-ის ვალდებულება.

ოპერაციის სპეციფიკიდან გამომდინარე (მომსახურება თუ საქონელი), საგადასახადო ვალდებულებები და ზუსტი პროცედურები განსხვავებულია.

ასევე მნიშვნელოვანია: დასაქმებულთა საშემოსავლო გადასახადი ზონაში სპეციფიკურად რეგულირდება და ხშირად თვით თანამშრომლის მიერ დეკლარირების ვალდებულებას უკავშირდება, განსხვავებით ჩვეულებრივი შრომითი ურთიერთობის მოდელისგან.

 

ვისთვის არის ეფექტური FIZ-ი და ვისთვის არა

 

გულწრფელი შეფასება ხშირად უფრო ღირებულია, ვიდრე შეღავათების ჩამონათვალი. FIZ-ის მოდელი ნამდვილად ეფექტურია, თუ:

  • თქვენი ბიზნესი აწარმოებს, ამუშავებს ან აფასოებს საქონელს ექსპორტისთვის;
  • ახორციელებთ საერთაშორისო ვაჭრობას, რეექსპორტს ან სატრანზიტო ლოჯისტიკას;
  • იყენებთ ზონას, როგორც სასაწყობე და სადისტრიბუციო ჰაბს რეგიონისთვის;
  • დიდი მოცულობის საქონელი შემოგაქვთ, ინახავთ და ანაწილებთ სხვადასხვა ქვეყანაში.

და პირიქით, FIZ-ი დიდი ალბათობით არასწორი არჩევანია, თუ:

  • ძირითადად ქართულ შიდა ბაზარზე ყიდით;
  • მომსახურებაზე დაფუძნებული ბიზნესი გაქვთ, რომელსაც ზონასთან რეალური კავშირი არ აქვს;
  • გჭირდებათ აქტიური საბანკო ოპერაციები და ფიატ-ნაკადების მართვა (ამ შემთხვევაში mainland-რეჟიმი ხშირად უკეთესია);
  • IT-მომსახურებას სთავაზობთ უცხოელ კლიენტებს, აქ ვირტუალური ზონის (Virtual Zone) სტატუსი ან საერთაშორისო კომპანიის სტატუსი შესაძლოა უფრო შესაფერისი აღმოჩნდეს.

ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანი წერტილია: საქართველოში FIZ-ი ერთადერთი შეღავათიანი რეჟიმი არ არის. IT სექტორისთვის არსებობს ვირტუალური ზონის სტატუსი, მცირე ბიზნესისთვის, 1%-იანი რეჟიმი, ხოლო ცალკეული საქმიანობებისთვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსი. სწორი არჩევანი ბიზნეს-მოდელის შეფასებით იწყება და არა შეღავათის ზომით.

 

რეგისტრაციის პროცესი 

 

FIZ-საწარმოს დაფუძნება ჩვეულებრივი კომპანიის რეგისტრაციისგან ოდნავ განსხვავდება, რადგან ორ პარალელურ პროცესს მოიცავს, იურიდიული პირის რეგისტრაციასა და ზონის ადმინისტრაციასთან სტატუსის მინიჭებას.

I ეტაპი — ზონისა და სტრუქტურის შერჩევა. პირველი გადაწყვეტილება ეხება იმას, თუ რომელი ზონა შეესაბამება ბიზნესის ტიპს, და რა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა იქნება ოპტიმალური. კანონის თანახმად, FIZ-საწარმო ნებისმიერი სამართლებრივი ფორმის შეიძლება იყოს, თუმცა პრაქტიკაში ყველაზე ხშირად შპს (LLC) გამოიყენება სიმარტივის გამო. მინიმალური საწესდებო კაპიტალის მოთხოვნა არ არსებობს.

II ეტაპი — დოკუმენტაციის მომზადება. საჭიროა კომპანიის სახელის შერჩევა, წესდების მომზადება, დამფუძნებლის გადაწყვეტილება და დირექტორის დანიშვნის დოკუმენტი. ფიზიკური პირისთვის საკმარისია უცხოური პასპორტი და კომპანიის სასურველი სახელი; იურიდიული პირისთვის, სათანადო კორპორაციული დოკუმენტაცია (წესდება, ამონაწერი რეესტრიდან, გადაწყვეტილება, დირექტორის ცნობა).

III ეტაპი — ზონის ადმინისტრაციის თანხმობა. FIZ-საწარმოს იურიდიული მისამართი ზონის ტერიტორიაზე უნდა დარეგისტრირდეს, რისთვისაც აუცილებელია ზონის ადმინისტრატორის წერილობითი თანხმობა. ეს არის სწორედ ის ელემენტი, რომელიც ჩვეულებრივი კომპანიის რეგისტრაციაში არ გვხვდება.

IV ეტაპი — რეგისტრაცია და სტატუსის მინიჭება. დოკუმენტები წარედგინება საჯარო რეესტრს (იუსტიციის სახლი), რის შემდეგაც კომპანიას ენიჭება FIZ-საწარმოს სტატუსი. სტატუსის ოფიციალური მინიჭების მომენტიდან ბიზნესს უკვე შეუძლია ლეგალურად იმუშაოს შეღავათიან რეჟიმში.

მთელი პროცესი, როგორც წესი, რამდენიმე სამუშაო დღეში სრულდება და რაც მნიშვნელოვანია, სრულად დისტანციურადაც შესაძლებელია. ამისთვის საჭიროა ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა (CIS-ქვეყნებისთვის აპოსტილი არ მოითხოვება, სხვებისთვის — მოითხოვება), რომლის საფუძველზეც ადგილობრივი წარმომადგენელი ასრულებს ყველა ფორმალობას.

 

ლიცენზია, ვადები და ღირებულება

 

FIZ-საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურებაა, რომ ზონის ადმინისტრაცია გასცემს ერთწლიან ლიცენზიას, რომელიც ყოველწლიურად უნდა განახლდეს. ეს არ უნდა აგვერიოს ეროვნული ბანკის ან სხვა მარეგულირებლის ლიცენზიასთან ეს ზონის შიდა, საქმიანობის ნებართვაა, რომელიც FIZ-სტატუსს ინარჩუნებს.

რაც შეეხება ვადებსა და ღირებულებას: თავად რეგისტრაცია სწრაფია (რამდენიმე სამუშაო დღე), თუმცა მთლიანი ღირებულება მნიშვნელოვნად განსხვავდება ზონის, შერჩეული მომსახურების მოცულობისა და კონკრეტული ბიზნეს-მოდელის მიხედვით. ხარჯი ჩვეულებრივ რამდენიმე კომპონენტისგან შედგება:

  • სარეგისტრაციო და ერთჯერადი ხარჯი — კომპანიის დაფუძნება და FIZ-სტატუსის მინიჭება; (1,000 USD)
  • წლიური ლიცენზიის საფასური — ზონის ადმინისტრაციის ყოველწლიური მოსაკრებელი; (4,500 USD - დან )
  • იჯარა — საოფისე სივრცის, საწყობის ან მიწის ნაკვეთის ქირა (ვირტუალური ოფისიდან სრულფასოვან საწარმოო ფართობამდე);
  • მიმდინარე მომსახურება — ბუღალტერია, შესაბამისობა, იურიდიული მხარდაჭერა.

 

საბანკო ანგარიში — ხშირად შეუფასებელი ეტაპი

 

FIZ-სტატუსის მოპოვება ერთი რამაა, საბანკო ანგარიშის გახსნა სრულიად სხვა. ისევე როგორც კრიპტო-ბიზნესის შემთხვევაში, ლიცენზიის ან სტატუსის ფლობა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ბანკი ანგარიშს გაგიხსნით. ბანკები აფასებენ ბიზნეს-მოდელს, ბენეფიციარ მესაკუთრეებსა და ტრანზაქციის ნაკადების გამჭვირვალობას და FIZ-კომპანიების შემთხვევაში, განსაკუთრებით უცხოური მფლობელების შემთხვევაში, ეს შემოწმება საფუძვლიანია.

სწორედ ამიტომ საბანკო სტრატეგია წინასწარ უნდა იყოს გათვალისწინებული, რეგისტრაციის ეტაპზევე, არა მის შემდეგ. ბანკთან წინასწარი კომუნიკაცია (pre-clearance) მნიშვნელოვნად ზრდის ანგარიშის წარმატებით გახსნის ალბათობას და ზოგავს კვირებს.

 

ყველაზე გავრცელებული შეცდომები

 

პრაქტიკაში, FIZ-თან დაკავშირებული პრობლემების უმეტესობა რამდენიმე ტიპურ შეცდომას უკავშირდება:

  1. არასწორი რეჟიმის არჩევა. ბიზნესი, რომელიც ფაქტობრივად შიდა ბაზარზე მუშაობს ან IT-მომსახურებას სთავაზობს, ხშირად FIZ-ს ირჩევს მაშინ, როცა ვირტუალური ზონის ან მცირე ბიზნესის რეჟიმი მისთვის უფრო ეფექტური იქნებოდა.
  2. mainland-ტრანზაქციების უგულებელყოფა. შიდა ბაზართან ოპერაციების განსხვავებული დაბეგვრის გაუთვალისწინებლობა მოგვიანებით მოულოდნელ საგადასახადო ვალდებულებას ქმნის.
  3. ზონის არასწორი შერჩევა. ფასზე დაფუძნებული გადაწყვეტილება ლოჯისტიკური ან ოპერაციული უპირატესობების უგულებელყოფით.
  4. საბანკო საკითხის გადადება. ანგარიშის გახსნის სტრატეგიის გარეშე დაწყებული რეგისტრაცია.
  5. ფიქტიური სუბსტანცია. მინიმალური რეალური ყოფნა ზონაში, რაც როგორც საგადასახადო, ისე საბანკო კუთხით რისკებს ქმნის.

ამ შეცდომების უმეტესობა თავიდან აცილება ხდება ერთი ნაბიჯით, სტრუქტურის წინასწარი სამართლებრივი და საგადასახადო შეფასებით, სანამ პირველი დოკუმენტი წარედგინება.

 

L&L Consulting- ის როლი

 

ჩვენი მიდგომა არ იწყება „რეგისტრაციით". ის იწყება შეკითხვით, შეესაბამება თუ არა FIZ-ი თქვენს ბიზნეს-მოდელს, თუ სხვა რეჟიმი (ვირტუალური ზონა, საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, mainland-სტრუქტურა) უფრო ეფექტური იქნება. სწორი დიაგნოზის შემდეგ უზრუნველვყოფთ:

  • ბიზნეს-მოდელისა და ოპტიმალური საგადასახადო რეჟიმის შეფასებას;
  • ზონის შერჩევას ლოჯისტიკური და ოპერაციული საჭიროებების მიხედვით;
  • კომპანიის დაფუძნებასა და FIZ-სტატუსის მინიჭებას (მათ შორის სრულად დისტანციურად);
  • ზონის ადმინისტრაციასთან კომუნიკაციასა და დოკუმენტაციის მომზადებას;
  • საბანკო ანგარიშის გახსნისა და pre-clearance-ის ორგანიზებას;
  • მიმდინარე ბუღალტრულ და შესაბამისობის მხარდაჭერას.

თუ საქართველოში თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ბიზნესის დაფუძნებას გეგმავთ, დაგვიკავშირდით ინდივიდუალური კონსულტაციისთვის, სანამ სტრუქტურას აირჩევთ.

 

ხშირად დასმული კითხვები (FAQ)

 

მჭირდება თუ არა ქართული რეზიდენტობა FIZ-კომპანიის დასაფუძნებლად?

არა. ნებისმიერ უცხო ქვეყნის მოქალაქესა თუ კომპანიას შეუძლია FIZ-საწარმოს დაფუძნება თანაბარ პირობებში. მოქალაქეობას მნიშვნელობა არ აქვს.

საჭიროა თუ არა საქართველოში ჩამოსვლა?

არა. მთელი პროცესი დისტანციურად, ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე შესრულდება.

არის თუ არა მინიმალური საწესდებო კაპიტალის მოთხოვნა?

არა. FIZ-საწარმოს დასაფუძნებლად მინიმალური კაპიტალი არ მოითხოვება.

რა ვადაში სრულდება რეგისტრაცია?

თავად რეგისტრაცია ჩვეულებრივ რამდენიმე სამუშაო დღეში სრულდება, თუმცა დოკუმენტაციის მომზადებამ და საბანკო პროცესმა შესაძლოა მეტი დრო წაიღოს.

შემიძლია თუ არა ქართულ შიდა ბაზარზე გაყიდვა?

დიახ, თუმცა შიდა ბაზართან ტრანზაქციები განსხვავებულად იბეგრება და FIZ-ის შეღავათები მათზე არ ვრცელდება. ეს რეჟიმი ექსპორტზეა ორიენტირებული.

FIZ თუ ვირტუალური ზონა — რომელი ავირჩიო?

დამოკიდებულია საქმიანობაზე. FIZ შესაფერისია საქონლის წარმოებისა და ექსპორტისთვის; ვირტუალური ზონა — IT კომპანიებისთვის, რომლებიც უცხოურ კლიენტებს მომსახურებას სთავაზობენ. სწორი არჩევანი ბიზნეს-მოდელის შეფასებას მოითხოვს.

ყოველწლიურად რა უნდა განვაახლო?

ზონის ადმინისტრაცია გასცემს ერთწლიან ლიცენზიას, რომელიც ყოველწლიურად უნდა განახლდეს FIZ-სტატუსის შესანარჩუნებლად.


ავტორი

 

ზურაბ ლორია — L&L Consulting-ის მმართველი პარტნიორი და ადვოკატი, კორპორაციული სამართლის მაგისტრი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.